ქანცგაწყვეტილი კაცობრიობა დაისვენებს

შოთა ბოსტანაშვილს ესაუბრება ნანა ჯოხარიძე. დაიბეჭდა ჟურნალ “ომეგაში”, 2000წ. 07.07; ეს ის დრო იყო, როდესაც პოეზიის სასახლე იძერწებოდა.

ქანცგაწყვეტილი კაცობრიობა დაისვენებს

 

არქიტექტურის პოეტიკა, როგორც დისციპლინა და სტუდიასახელოსნო დააარსა შოთა ბოსტანაშვილმა 1990 წელს. წლეულს მას ათი წელი უსრულდება. ამ ხნის განმავლობაში არქიტექტურის პოეტიკამ განვლო გზაფურცლიდან სივრცემდე“. ეს ძალისხმევა მიმართულია არქიტექტურის, როგორც ხელოვნებათა სინთეზის მაორგანიზებელი ფენომენის რეაბილიტაციისკენ, მითის და პოეტის დასაბრუნებლად ჩვენს პრაგმატულ დროში.

 

“არქიტექტორი, თუ მას პოეტური სული აქვს, დასჯილია, იყოს ერთადერთი ჰუმანისტი ჩვენს ეპოქაში; სწორედ იმიტომ, რომ იყოს პროფესიონალი და არა სიბრძნეს აფრქვევდეს საერთოდ და ზოგადად, მან გლობალურად უნდა იაზროვნოს”, – ასე ფიქრობს არქიტექტორი შოთა ბოსტანაშვილი და მეუბნება, რომ ასე ფიქრობს უმბერტო ეკოც.

რომელიმე პროფესიის ასეთმა განმარტებამ შეიძლება აღაშფოთოს სხვები: როგორ, მარტო არქიტექტორი უნდა იყოს ასეთი? ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, თუ უნდათ და შეუძლიათ, ყველა ასეთი იყოს.

როცა კაცი თავის პროფესიაზე ასეთ რამეს ამბობს, ალბათ თავის მიზანს და ოცნებას გვიმხელს, ან, უკეთეს შემთხვევაში, თვითონ უკვე არის ასეთი. ეს მონოლოგი დაგვეხმარება ახლოს გავიცნოთ შოთა ბოსტანაშვილი. მკითხველი კი თავად მიხვდება, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ბევრი ვისაუბრეთ და აქ გამოსატან თემად კულტურის ერთი თანამედროვე დისკურსი – “დეკონსტრუქტივიზმი” ავირჩიეთ.

***

თუ შევთანხმდებით, რომ სამყარო პარადიგმათა სისავსეა, მაშინ პარადიგმებს, მეტაფორებს, ნიშნებს, სიმბოლოებს, არქეტიპებს, კოდებს თავისი წინარე კოდი გააჩნიათ; ანუ თუ ეს ყველაფერი ქსეროასლებია, არსებობს დედანი. ამ სამყაროსაც თავისი დედანი აქვს.

პირველყოფილი გულუბრყვილობით ეკითხები შენს თავს: თუ სამყარო პარადიგმულია, რა არის პარადიგმების მიღმა? ჩვენთვის რომ არ ესწავლებინათ ღმერთი, ისევ ღმერთს ვისწავლიდით.

სამყაროს, როგორც კულტუროლოგიურ სივრცეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც “ჩვენში ცხოვრობს”, თავისი დედანი აქვს _ ეს დედანი პირველი ტექსტია. ამ სივრცეში იწყება შემოქმედება:

1. “იქმენ ნათელი”. და უკვე, როგორც სინკრეტული ფაქტი, შეფასება: 2. “ნათელი კარგია”. თუ პირველში ჩავსვამთ პარადიგმად ხელოვნების ნაწარმოებს, ხოლო მეორეში – შემფასებელს, კრიტიკოსს, ანალიტიკოსს, ესე იგი, გავაანალიზებთ, ანუ დავშლით, დავანაწევრებთ სინკრეტულ ფაქტს, აღმოჩნდება, რომ დაშლილ, დისკრეტულ სივრცეში ვცხოვრობთ.

აღვწეროთ ეს მოვლენა, როგორც “ნორმიდან გადახრა”.

კულტურა უპირატესად ბინარული ნიშნით წარიმართა, ჩვენს მაგალითში: “ხელოვნება – კრიტიკა”.

კულტურის ისტორიაში დგება მომენტი, როცა დისკრეტული პროცესი აღარ აღირიცხება როგორც “ნორმიდან გადახრა” და საქმე გვაქვს დესტრუქციასთან. იგივე ლოგიკით დესტრუქციული პროცესები აღარ აღირიცხება “ნორმიდან გადახრად” და ეჭვმიტანილი ხდება თავად “ნორმა”, ანუ სტრუქტურის არარსებობა, მისი  “დაუსწრებლობა” და აღიწერება, როგორც “დაუსწრებელი სტრუქტურა”.

ამ პროცესების პიკის მომენტს ყველაზე ადრე პოეტური სულის ნატიფი რხევები მოჰყავთ “განგაშის” რეზონანსში.

შორს ნუ წავალთ, თანამედროვე ქართულ პოეზიას მივმართოთ:

“…ქუჩის გადაღმა ჩრდილივით მდგარი,

ისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,

რადგან ჩვენ შორის ღმერთი წევს მკვდარი

და არა მხოლოდ გუბე და ღობე“.

(ოთარ ჭილაძე)

“…დაკეტილია ჩემი სახლკარი

და გასაღები დაკარგულია“.

(ლია სტურუა)

ასეთია დღეს სამყაროს მაჯისცემა. ეს მაჯა პოეტს უჭირავს ექიმივით. უფრო სწორად, გაჩერებული მაჯა უჭირავს ხელში საუკუნეზე მეტი ხანია – იმ დროიდან, როცა ნიცშემ თქვა: “ღმერთი მოკვდა”. დედანი გაუქმებულია.

უჩვეულო არაფერია. “…დრო, დრო აღნიშნე!” – მოგვძახის გალაკტიონი. ერთი მოძღვარიც გავიხსენოთ: “თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი დასაშვებია” (დოსტოევსკი).

მეოცე საუკუნე ძირითადად ამ ნიშნით წარიმართა.

კულტუროლოგიური სივრცე არა მარტო დისკრეტულია, არამედ დისკრედიტირებულიც. “დარღვეულია დროთა კავშირიც”; “დროის კატასტროფები” მარკესთანაც გავიხსენოთ (“მარტოობის ასი წელი”). მოხდა სამყაროს დესაკრალიზაცია – “დრო-სივრცის” ჰომოგენურობაგახსნილია და სამყაროს წელიდან მოედინება აბსურდის ჰაერი, ეგზისტენციალიზმის ესთეტიკა, თამაშის ფილოსოფია, პოსტმოდერნიზმის “ნაცნობი” ნაყოფი და ახლა კი სცენაზე მათივე ჯიშია – დეკონსტრუქტივიზმი “Artdecon”-ი უდედნო და უდედო ნაშიერთა “უკანასკნელი მოჰიკანი”.

მეოცე საუკუნის ხელოვნება მათ წაიყვანეს. “მათ” ჰქონდათ უფრო “სახელები”, ვიდრე “სახეები”, ვიდრე ხეები, რომლებიც ისევ მოისხამენ ნაყოფს – “ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე”. მეოცე საუკუნის ხელოვნება იყო “გზა” და “ლაბირინთი” და არა “სახლი”. ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნება “უძღები შვილის დაბრუნების” პარადიგმის აღიწერება – მამასთან დაბრუნების მეტაფორებით, ნიშნებით და სიმბოლოებით.

არქიტექტურის ხე ყველაზე გვიან ისხამს ნაყოფს, გვიანი ხილია, როგორც ხეჭეჭური და ბოლოს მოდის სუფრაზე. ასე მოვიდა “Aრტდეცონ”-იც საუკუნოვანი პროცესების შემდეგ საუკუნის ბოლოს. იქამდე კი მეოცე საუკუნის სივრცე მინის ცათამბრჯენებმა აღნიშნეს.

ოცდამეერთე საუკუნის არქიტექტურას აღნიშნავს სახლი _ ოატარა სახლი პატარა ადამიანებით: პატარა დედეით, პატარა მამებით, პატარა შვილებით სამყაროს დიდი მამის სახლში.

***

ვინ ხართ თქვენ? ვინ არის შოთა ბოსტანაშვილი?

მე არქიტექტორი ვარ. ჩემი ცხოვრების წესი არქიტექტურაა და ამავე წესით ჩემი სურვილები ჩნდებიან და კვდებიან და მერე ისევ ჩნდებიან. მე ვარ ის, ვისაც მაინტერესებს. მაინტერესებს მათხოვარი, მისი სათხოვნელად გამოშვერილი ხელი და ჩემი დასახმარებლად გაწვდილი ხელი, მყისიერად რომ ცვლიან ადგილებს; მაინტერესებს მისი მიძინებული ეგზისტენცია. მწერალი რომ ვყოფილიყავი, ამ სამყაროში “გადავეშვებოდი”. მაინტერესებს ბაზარი და “ბაზარი”, როგორც დიალოგის სლენგი და, საერთოდ, “ბაზრის ბაზარი” – უზარმაზარი. ამ “ბაზარში” არქიტექტურა ყველაზე ხმაურიანი დიალოგია, ყველაზე მსხვილგაბარიტიანი და ყველაზე ძვირად ღირებული საქონელი… ისევ პარადიგმები… ო, ეს პარადიგმები, ვერსად გაექცევი. მოკლედ, “მორჩა ბაზარი” _ ესეც კულტურის დიალოგი, უფრო სწორად, დიალოგის თანამედროვე კულტურა. დიახ, დღეს კულტურის დისკურსი დიალოგის კულტურას მიჰყავს.

იქნებ ჩვენ მართლაც ფილოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ. მე არქიტექტორი ვარ და ვაკვირდები, როგორ ძალუმად იჭრება ლიტერატურული გეოგრაფია გეოგრაფიულ გარემოში. სემიოლოგიას კულტურის ფორმებიდან უმეტესად არქიტექტურა უნდა აინტერესებდესო და აინტერესებს კიდეც. რას იტყობინებიან არქიტექტურული ნაგებობები? რაზე წუხან ან რა უხარიათ?.. ამ კონტექსტში ვინ არის არქიტექტორი? იგი “არგებს სიტყვებს” საგნის ასალაპარაკებლად თუ “ამბობს სიტყვებს?” ამბობენ, რომ “არქიტექტორის მოვალეობაა განჭვრიტოს და გაითვალისწინოს ისტორიის მოძრაობა და არა ამოძრაოს იგი” (უმბერტო ეკო). ვინ იცის… ამაზე სხვა დროს. ერთი კი ცხადია: საგნები კარგავენ მნიშვნელობებს და ახალი მნიშვნელობებით ივსებიან. იქნებ სწორედ დენოტაცია-კონოტაციების პერმანენტული დინამიკაა კულტურის ისტორიის მოძრავი მექანიზმი და მთავარი პარადიგმა – არქეტიპი და წინარე კოდი. ამისთვის კი ღირს იღვაწო – ძალისხმევა მიმართო მითის და პოეტის დასაბრუნებლად.

რად უნდა მტკიცება იმას, რომ კულტურა პროგრესია. მაგრამ კულტურა იმავდროულად ბარიერია – იგი ქმნის აზროვნების სტერეოტიპს, რომელიც უნდა დავძლიოთ. რაც ზემოთ აღვწერეთ, ყველაფერი კულტურის კლიშეებია და მათი დაძლევაც მათივე დაუოკებელი სურვილია. იქნებ ეს არის სიცოცხლის დვრიტა.

არ შეიძლება დაშლილ სამყაროში ცხოვრება. ამისთვის მივმართოთ ისევ დედანს, რომლის კომპლექტში არა ორი, არამედ სამი წევრია: “იქმენინ ნათელი”, “ნათელი კარგია”, “დღე პირველი”. აი, ეს “დღე პირველი” მასინთეზირებელი ფენომენია, ისევ სინკრეტიზმია. იგი აღადგენს და აწესრიგებს ადამიანის სამყაროში ყოფნის ფორმას, ადამიანისა, რომელსაც შოპენჰაუერმა “სამყაროში შემოგდებული” უწოდა. კამიუმ კი თავისუფლება “მიუსაჯა”.

როგორ გავთავისუფლდეთ? რა ახალი საზრისი შეგვიძლია ჩავდოთ ჩვენს დევალვირებულ, დაშლილ, გაცვეთილ სამყაროში მის აღსადგენად? ისევ პოეტს მივმართავ:

და რასაც ვხედავ, პირველად ვხედავ,

არ არსებობდა თითქოს აქამდე,

არც გზა, რომელიც გვირაბში შედის,

არც ხე, რომელიც უნდა აყვავდეს“.

(ოთარ ჭილაძე)

აი, ამ პერმანენტულად “პირველი ნახვის” თრთოლვა, ძრწოლა, გაოცება, სიხარული, აღფრთოვანება… პირველი ქალი, პირველი სიყვარული, პირველი ყვავილი… ყველაფერი პირველია. აღდგომის მისტერია და მისი დღე-სასწაული იგივე მისტერიაა, როცა ქაღალდის თეთრი ფურცლიდან, როგორც თეთრი დუმილიდან, თავიდან იბადება სიტყვა, ბგერა, ხაზი, ფერი… ჩვენი პარადიგმაც ასე ლაგდება: ხელოვნება-კრიტიკა-მეტახელოვნება. არის თუ არა არქიტექტორი ის დემიურგი, ვინც ბაძავს სამყაროს “შესაქმეს”, თუ არქიტექტორი მხოლოდ იმ სერვისის შემქმნელია, რომელიც სახალხო მეურნეობას სჭირდება? ერთი მხრივ _ კი, არქიტექტორი სერვისის ისეთივე მონაწილეა, როგორც წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობის, ვენტილაციის სპეციალისტები. დღეს ჩვენს ქალაქში მავანთა და მავანთათვის არქიტექტურა არის ქონება, უძრავი კაპიტალი, რომელსაც უნდა დაეპატრონო, რომელიც უნდა დაიპყრო. მაღალი ამოცანები გვერდზე რჩება.

მისი საქმიანობის რომელი განსაზღვრა აკმაყოფილებს არქიტექტორს, ეს სხვა რიგის პრობლემაა.

***

ყველაფერი, რაც დაწერილა, ლიტერატურაა?

რა თქმა უნდა, არა.

ასევე ყველაფერი, რაც აშენებულა, არქიტექტურა არ არის. უფრო მეტიც. არქიტექტურა ცოტაა, ძალიან ცოტა. ცოტაა არა მარტო რაოდენობის, არამედ მისი აღწერის თვალსაზრისითაც. არქიტექტურის თორმეტტომეული პირობითად არის სავსე არქიტექტურული ნაწარმოებებით და  ძალიან იშვიათად არის გაპირობებული იმ საოცარი სიტყვით, რასაც ავტორი ჰქვია. რაღა დარჩა სხვა, რაც, უკეთეს შემთხვევაში, რემინისცენცირებულია.

***

არის თუ არა ადამიანის მიმართება სამყაროსთან მისივე “გზა ხსნისა”? კი, არის, ჩვენ ყველანი შვებას ვეძებთ და ამ ძიებაში დიალოგის კულტურა ერთი მშვენიერი საშუალებაა. ენას და კულტურას კი ერთი წინაპარი ჰყავთ, რომელიც ამ დიალოგს დაუსწრებლად ესწრება. ეს არის ადამიანური სული, რომელიც მეოცე საუკუნეში ნაწილობრივ დაიჩრდილა, ზოგმა უარყო _ დედნის ერთი მთავარი წინარე კოდი წაშალა.

ღმერთი მოკვდაო!..

გავიდა ხანი. ორი თუ სამი ათეული წლის შემდეგ ესპანელი პოეტი გაზაფხულზე იტყვის. იცით, რომელ გაზაფხულზე? რომელიც ღმერთის სიკვდილამდე ასეთია:

დღეს მერცხალი შემოფრინდა,

ჭიკჭიკითა გადმომძახა:

გაზაფხული! გაზაფხული!”

გულს იმედი დამესახა“.

და ა.შ.

და ასეთია არა მარტო ქართული პოეზია. ასეთია ჩვენი გაზაფხული, იმიტომ, რომ ღმერთი ცოცხალია. მოკლედ, 1925 წელს ესპანელი პოეტი იტყვის:”აი, გაზაფხულიც დადგა. ხეები დაემსგავსნენ ცოცხებს, რომ დანაგვიანებული ზეცა დაგავონ”. სამყარო ამოტრიალებულია, სამყარო შეყირავებულია, პრიორიტეტები დარღვეულია. აპოლინერი იტყვის:

“დაე, თავიდან მოინათლოს ქვეყნად ყოველი”.

***

ახალია მკვდარი ღმერთის იდეა? არა! ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია: დიონისე, მაცხოვარი… ეს კლიშე “მოკვდა-აღსდგა “მითოლოგიური ტრადიციის საზღვრებშია. ღმერთის სიკვდილიც ისტორიის ციკლური “ხაფანგია”. ნუ გავებმებით. მოვერიდოთ “ისტორიით დაავადებას” და “აზრობრივ ხმაურს”.

ხელოვნებაში ყველაფერი დასაშვებია. ეს არის თავისუფლების ერთადერთი საუფლო, სადაც არ ისჯებიან დოგმებისა და კანონების დარღვევისთვის, სადაც არ ისჯებიან დიქტატის, თავხედობის, ინტრიგებისა და პროვოკაციებისთვის, რადგან მშვენიერებას ამკვიდრებენ. ათ მცნებას მეთერთმეტეს ვერ დაუმატებ და ვერც ვერაფერს დააკლებ. ორჯერ ორი ოთხია და ჩვენს ემოციებზე არ არის დამოკიდებული. მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია, როცა დოჩანაშვილის პირით ლაპარაკობს, თქვას: გზაზე მიმავალი დონ-კიხოტი და სანჩოც ერთს მივუმატოთ ერთია?

რაკი გამსჭვალული ვართ ღმერთის გაცოცხლების იდეით, “რესაკრალიზაციით”, შევეცადოთ ავაწყოთ დაშლილი, დანგრეული, სერპანტინივით დაწყვეტილი საუკუნე. ამდენი ომებისგან, რევოლუციებისგან, რეპრესიებისგან, რეაბილიტაციებისგან, პერესტროიკებისგან ქალცგაწყვეტილ კაცობრიობას დასვენების ხანა დაუდგა.

მეოცე საუკუნემ გარკვეულწილად სიმახინჯის ესთეტიკა დააფუძნა, მშვენიერება ბარიერს მიღმა მოისროლა. მთელი მეოცე საუკუნის ხელოვნება უპირატესად ამას ემსახურა _ “ცაი ახლისა და მიწაი ახლის” ძიებაში წარღვნას წარღვნაზე ახდენს და ამის უფლებას დედანი აძლევს. ასე რომ, ახალი დედნის შექმნის სურვილი ნგრევით იწყება. ადამიანის შიშველი ბუნება, შიშველი ეგზისტენცია კამიუს და სარტრის შედევრებში ვირთხებად იქცევა. ვირთხებად ვიქცევით, სარდაფებიდან გამოვცვივდებით და იწყება ახალი ჭირი, რომელიც განურჩევლად ყველას მოსრავს. არც ბირთვული ომი გვჭირდება, არც მიწისძვრა, არც წყალდიდობა…

რა არის ეს?

ეს ვირტუალური სამყაროა. ჩვენ ყველანი ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ეს წარმოსახული სამყარო ჩაკეტილია. კიდევ კარგი, რომ ჩაკეტილია. “დროსაც უნდა საზღვარი, როგორც უსაზღვროებას”. ღმერთი კვდება და ღმერთი აღსდგება. სამყარო ჩაკეტილია და თუ მას შემოვუვლით, შეიძლება სამოთხეშიც დავბრუნდეთ. ვიბადებით დედის საშოდან და მივდივართ დედამიწის საშოში. ეს ორი საშო სიმბოლურად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ასეთია სამყარო და ასეთიც იქნება.

მაგრამ მოუსვენარია ადამიანიმას სხვა სამყარო უნდა. ასეთი ექსპერიმენტი ბევრჯერ ჩაატარა “ცაი ახლის და მიწაი ახლის” ძიებაში. ჩვენი შვილები და შვილიშვილები ისევ მოახდენენ პატარ-პატარა წარღვნებს, ისევ იქნება პატარ-პატარა აპოკალიფსები, ისევ იქნება ორჭოფობები, ისევ მოვკლავთ ღმერთს, ის ისევ აღსდგება…

დღეს დადგა ღმერთის გაცოცხლების ეპოქა. მითში გადახტომა არ არის წარსულში გადახტომა. მითში გადახტომა მომავალში გადახტომაა. ამიტომ ვამბობთ: ადამიანებო, წინ, წარსულისკენ მომავლის დასაპროექტებლად! პრაგმატულ მეოცე საუკუნეს ამდენი აჯიკის შემდეგ ძალიან მოუნდა ნამცხვარი და მურაბიანი ჩაი. მერე ეს ნამცხვარი და მურაბიანი ჩაი მობეზრდება და ისევ აჯიკა მოენატრება.

ასეთია სამყარო.

***

რას ნიშნავს ეს ყველაფერი არქიტექტორისთვის?

როგორ თუ რას ნიშნავს? ჯერ ერთი, კაცი ხარ სამყაროში და ისევე ერთი მიდიხარ გზაზე, როგორც ყოველი კაცი.

არქიტექტურა ხელოვნებაა და მეთოდურ ყალიბებს არ ემორჩილება. არქიტექტურა ხელოვნებაა. ეს კი გამორჩეული უნარია, გამოხატო ემოციები და სხვა ადამიანებშიც გააღვიძო. ეს ნიშნავს, შეინარჩუნო ბავშვობა და თამაშის აზარტი, გაოცებისა და აღტაცების უნარი, გაოცებისა იმით, რაც შენს გარშემოა და რასაც თითქოს პირველად ხედავ. აღტაცებისა იმით, რასაც სიცოცხლეს არქმევ და იცავ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s