არქიტექტორის საკუთარი დრო

ვაგრძელებთ ისტორიის კუთვნილი წერილების გამოქვეყნებას. შოთა ბოსტანაშვილის საუბრობს მის ორ ობიექტზე – პოეზიის სასახლეზე და ვაკის სახლზე. დაიბეჭდა ჟურნალში “მედია” 2003 #4 (7)

 

არქიტექტორის საკუთარი დრო

ხელოვნება არაჩვეულებრივ ხდომილებათა სამყარია. არსებობს სახე – მოვლენა, რომლის გაცნობიერება ზოგჯერ შეუძლებელია. ალბათ, უდიდესი ბედნიერებაა, როცა ხელოვანი არა მარტო თვალით და ყურით აღიქვამს საკუთარ ნაწარმოებს, არამედ ხელითაც ეხება მას, ეფერება, უსულო მასალაში სულიერება შეაქვს და მეტყველ სახედ აქცევს. ასეთი განცდა  კი მოქანდაკის ან არქიტექტორის წილხვედრია. უფრო დიდი იშვიათობაა მოქანდაკე – არქიტექტორი და მის მიერ შექმნილი სკულპტურული არქიტექტურა.

სწორედ ასეთი არქიტექტურა და ასეთი არქიტექტორი გვინდა გავაცნოთ მკითხველს. უფრო სწორად, ცნობილი არქიტექტორის – შოთა ბოსტანაშვილის ორი ახალი ნაწარმოები წარმოგიდგინოთ, რომელთა გაცნობიერება იქნებ ძნელია, მაგრამ მათი სილამაზე ერთბაშად საცნაურია. პირველი – ეს გახლავთ სახლი – რეზიდენცია ვაკეში, მრგვალ ბაღთან, მცხეთისა და ქობულეთის ქუჩების გადაკვეთაზე; მეორე კი სოლოლაკში, ამაღლების ქუჩის მაღალ სათავეში. იქ, სადაც ყოფილი რესტორანი “სამადლო” იდგა, დღეს პოეზიის პოეტური სასახლეა, შენობა – ქანდაკება.

ორივე შენობას ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავს – ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, ბატონი თეიმურაზ ქარჩავა. ბატონი თემური ჩვენი ქვეყნის გარეთ მოღვაწეობს, იქ იმკის და აქ თესავს. ამ ნათესის და კარგი მებაღის, არქიტექტორის ღვაწლის შედეგია ორი უმშვენიერესი ნაყოფი, ორი სიახლე – ორი სასახლე.

სახლი ვაკეში

სახლი ვაკეში

პირველი ობიექტი წარმოადგენს ბატონი თემურის საცხოვრებელ სახლს ვაკეში. სწორედ ასე უწოდებს ავტორი – “სახლი ვაკეში”. ეს არის კვარცხლბეკზე გამოფენილი ფორმა (ცოკოლის სართული თავისი არქიტექტურითა და წყობით ჰგავს გრანიტის კვარცხლბეკს); სახლის დანარჩენი სამი სართული კი მოვარდისფრო ქვის პლასტიური ფორმაა. სკულპტურული კომპოზიციის ღერძი თეთრი მარმარილოს “სიცოცხლის ხეა”, სახლის სივრცე – ეზო, ბაღი, ბანი დატვირთულია კიდევ სხვა სიმბოლო-მეტაფორებით: “დაბადება”, “წყარო-მატიანე”, “წყარო-ვერძი, “პატარძალი”. ყველა მათგანი შექმნილია შოთა ბოსტანაშვილის ესკიზით, მოდელით და შაბლონით თეთრ მარმარილოში ან ბაზალტის ქვაში. ქვაში კვეთა შეასრულა გამოცდილმა ოსტატმა თემურ სულხანიშვილმა, – ამბობს ბატონი შოთა და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შესრულების მაღალ ხარისხს.

სახლი ვაკეში - ”დაბადება”

სახლი ვაკეში – ”დაბადება”

სახლი ვაკეში - წყარო

სახლი ვაკეში – წყარო

კიდევ რა სიახლეავაკის სახლში“?

შ.ბ.: სიახლე გახლავთ როგორც ყოველთვის (ან ხშირად) კარგად დავიწყებული ძველი. “ვაკის სახლი” არის ბანიანი სახლი. მოგეხსენებათ, რომ თბილისი აღა-მაჰმად ხანის შემოსევამდე წარმოადგენდა ბანიანი სტრუქტურის ქალაქს. საამისოდ იყო როგორც ფიზიკური მიზეზი – ქალაქის მთაგორიანი რელიეფი, ასევე ფსიქოლოგიური – მოქალაქეთა ღია ურთიერთობები: ერთმანეთთან მიმართებაში, მტკვართან, ღმერთთან მიმართებაში. შემდეგ ეტაპზე ბანი შეცვალა აივანმა – ასევე კომუნიკაბელურობის სიმბოლომ. “ვაკის სახლში” საუკუნეების შემდეგ პირველად აღორძინდა ბანი.

შეიძლება ითქვას, რომვაკის სახლითბილისური არქიტექტურის კრებითი სიმბოლოა?

შ.ბ.: შეიძლება, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი მხატვრული სურვილი წინ უსწრებდა შენობის დაპროექტებას. ამ კუთხით თქვენი ყურადღება კიდევ რამდენიმე დეტალზე მინდა გავამახვილო: ეს გახლავთ ტრიგლიფებისა და მეტოპების მწკრივი – “კარნიზი და კრონშტეინი”, როგორც ქალაქური კლასიკის ნიშნები. დღეს შეიძლება ამ პალიტრით ხშირად სარგებლობენ, მაგრამ 1995 წელს ეს აშკარად ახალი მოვლენა იყო. მეორეს მხრივ, იგი სავსებით ჩაჯდა პოსტმოდერნისტული თანამედროვეობის კონტექსტში. კიდევ ერთი მომენტი შეიძლება აღინიშნოს: შენობას თითქოს აქვს მთავარი ფასადი, რომელიც ქობულეთის ქუჩაზე გამოდის, მაგრამ იგი მხოლოდ ამ პირობით არის მთავარი. სინამდვილეში ქუჩაში მოძრავი ადამიანისათვის შენობის ერთი რომელიმე ხედი აღმოჩნდება ფასადის, პროფილისა და ანფასის მდგომარეობაში, ასევე სხვა ხედები მორიგეობით ამ ცვალებად ნაირსახეობაში ჰორიზონტალური განფენილობიდან ვერტიკალურ დინამიკამდე. სახლის ერთ-ერთი ხედი თავისი მახვილი სილუეტით ზეცისკენ რომ მიისწრაფვის, სატაძრო არქიტექტურის განწყობილებასაც ეხმიანება.

სახლი ვაკეში - კარნიზი, კრონშტეინი, კედელი და ”პატარძელი”

სახლი ვაკეში – კარნიზი, კრონშტეინი, კედელი და ”პატარძალი”

მხატვრული ჩანაფიქრის საწყისი და გამჭოლი თემაა “შეხმიანება”, “შესიტყვება”, – რაზეც ვისაუბრეთ. ქართული მუსიკალური კულტურის დამახასიათებელი ნიშანი პოლიფონია გახლავთ. ვაკის სახლის პოლიფონიას კი არა მარტო ასოციაციები, პარადიგმები და ფორმები, არამედ მასალა და ფერებიც უწყობენ ხელს. მის პალიტრაში გამოყენებულია გრანიტი – მუქი, ბაზალტი – რუხი, თეთრი მარმარილო, მომწვანო ტუფი (ჩვენი აღმოჩენილი კარიერიდან გავრცელდა მშენებარე ეკლესიათა საპერანგედ) და ტუფიმოვარდისფრო – ქუთაისური ეკლარი, რაც მთავარია, ხე და ბუნებრივი კლდე, რომელზეც მოსჩქეფს პატარა ნაკადული; ნაკადულს თავს ევლება “ბეწვის ხიდი” – პასტორალური ნოტები, შემოჭრილი ურბანისტულ სიმფონიაში. რუსთაველის ენაზე კი ეს არის სახლი – სამყარო, რომელიც “გვაქვს უთვალავი ფერითა”.

სახლი ვაკეში - კედლის თემა

სახლი ვაკეში – კედლის თემა

ნამდვილი ქართული სახლი ყოფილავაკის სახლი“, თან დედაქალაქური. რამდენადაც ვიცით, მეორე შენობას – “პოეზიის სასახლესმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ. რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი, რაცვაკის სახლზეგვითხარით?

შ.ბ.: მე არ ვიტყოდი, რომ რომელიმე მეტია ან ნაკლები. ორივეს მისთვის დამახასიათებელი თავისებურება აქვს, თუნდაც თემის, ადგილის, მხატვრული თუ ფიზიკური მასშტაბის გამო.

დავიწყოთ ადგილით: სოლოლაკის დაბოლოება, თუ გნებავთ, პირიქით – ქალაქის დაბოლოება და სოლოლაკის ზედა სათავე, მთაწმინდის კალთებით შემოსაზღვრული ფლორის მყუდრო ყურე, ორ-სამ სართულიანი ძველი განაშენიანებით, რაკურსებით, ზედხედებით (თუმცა გაჩნდა ბიზნესის მცდელობა ამ ჰარმონიის ხელყოფისა), ბუნებრივია, მთავარი ამოცანა აღწერილ სურათთან შეხმიანების სურვილია. დაკვეთის ფიზიკური მასშტაბი იმხელაა, რომ ან უარი უნდა თქვადაკვეთაზე, ან უნდა “ჩაეწერო” იმ სიდიდით, რომელიც მოკრძალებული ვერ იქნება “მასპინძელ განაშენიანებასთან” მიმართებაში. ამიტომ უნდა მოძებნილიყოის პლასტიკა, რომელიც კონტრასტის მეთოდით იმუშავებდა არსებულ განაშენიანებასთან და რეზონანსში შევიდოდა გეოგრაფიულ გარემოსთან – მთასთან და ხესთან. ეს მხატვრული ხედვა განაპირობებს “დანაწევრებულ მთლიანობას”. რა თქმა უნდა, შენობის მთავარი ხედის სამი კოშკი, გვირილებს რომ მოგვაგონებენ, ასეთი ანალიტიკური განსჯის შედეგი არ არის, მას უფრო ემოციურ-ინტუიტური საწყისი აქვს, მაგრამ ასეთი მსჯელობა შეფასების კრიტერიუმების დადგენაში გვეხმარება, მით უმეტეს,, რომ დანაწევრებული მასები (“გვირილები”, გნებავთ”ხეები” ტუ ყვავილები”), უკვე არსებული განაშენიანების თანამასშტაბურია და ამავე დროს გაბატონებული ფლორის არტისტული ნაშიერია. ასე დაიბადა “არტისტული ყვავილები” და იგი ვეღარ იქნებოდა ბიზნეს-ცენტრი (რასაც თავდაპირველი დაკვეთა გეგმავდა), შიშველმა ბუნებამ ვერ მიიღო “ბიზნესი” და “შესიტყვების” საპასუხოდ ისევ სიტყვა _ “პოეზია” შემოგვთავაზა. ასე დაიბადა “პოეზიის სასახლე” და მისი მოვლინება დამკვეთმაც გაიზიარა.

შეიძლება ვთქვათ, რომ სასახლე, უპირველეს ყოვლისა, თავისი სახის მეტყველებით არის პოეზიის სამყაროდან.

სასახლის პლასტიკა ერთის მხრივ ლანდშაფტს ეხმიანება, თავის საწყისებს კი ქართული დამწერლობის გრაფიკული პლასტიკიდან იღებს. სამივე კოშკი – “ყვავილი” ცალკეული ღეროებისგან შეკრულ თაიგულსაც მოგვაგონებს, თითოეული ღერო კი თავისებურ, ახალ არქიტექტურულ ორდერს წარმოადგენს. სამივე ორდერი თავ-თავისი სამი კაპიტელით არის აღნიშნული. მარცხენა კოშკის ეროვნული ორნამენტის ტრადიციებიდანამოზრდილ პლასტიკას “ვერძის” კაპიტელი აღნიშნავს; შუა კოშკის კლასიკური ხასიათის პლასტიკას – “ვეფხვის” კაპიტელი, ხოლო მარცხენა კოშკის კაპიტელი შემოქმედი ადამიანი – კოშკის პლასტიკაც უფრო ენერგიულია, უფრო ჩრდილ-სინათლიანი, თითქმის ბაროკალური.

ქართულ კულტურასთან წილნაყარი კაცისთვის გასაგებია წარმოდგენილი მეტაფორების ერთიანი სისტემა, როგორც ეროვნული სულიერების და ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წელი – სამი ფაზა: ოქროს საწმისის ხანა: “ვეფხისტყაოსნის” ეპოქა და შემოქმედი თანამედროვეობა, ანუ სივრცეში განფენილი დრო; კულტურის ისტორია, მისიაღორძინება – “აყვავილება”.

ბატონო შოთა, განცვიფრებით გისმენთ. მშენებლობის ადგილი ხომ ქალაქის ერთერთიჭიშკარია“, ამიტომპოეზიის სასახლექალაქის სიმბოლოც გახლავთ. ვფიქრობთ. ვფიქრობთ, იგივეს გაიზიარებს ჩვენი მკითხველი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ საკუთარი თვალით იხილავს. ამდაგვარი საოცრების სანახავად ადამიანები ხომ უცხო ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიან, ეს მშვენიერება კი აქვეა, ჩვენს ქალაქში.

შ.ბ.: სიტყვა “საუცხოო” ან “უცხოსათვის” ხომ იმისთვის გაჩნდა, რომ ისეთი რამ, რასაც ის აღნიშნავს, ჩვენგან შორს – უცხოეთში გვეგულება, ისე კი უცხოელებს ნუ შევეჯიბრებით, ტექნიკის და ტექნოლოგიის უპირატესობით ჩვენი სულიერი გამოცდილების იმედი კი მუდამ შეიძლება გვქონდეს.

ჩვენ გვითხრეს, რომპოეზიის სასახლეთქვენ საკუთარი ხელით დაძერწეთ ადგილზე. ორისამი წელი ხარაჩოზე მუშაობდით. ეს ხომ საოცარია

შ.ბ.: დავაზუსტებ. სასახლის მთლიანი კომპოზიცია განმეორებადი ნაწილებისგან შესდგება. მე გამოვძერწე თითოეული კომპოზიციის თითოეული ეგზემპლარი _ დედანი თაბაშირში, რომელიც შემდეგ ჩამომსხმელმა ოსტატებმაყალიბის აღების მეთოდით გაამრავლეს და ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით ბეტონში ჩამოასხეს. რა თქმა უნდა მთავარი შექმნის პროცესია, მაგრამ ამ ქანცგამწყვეტმა შრომამ დიდი სიამოვნება მომანიჭა. ასევე შრომატევადი პროცესი შეასრულეს ხელოსნებმა – მურმან კაკულიას ხელმძღვანელობით. რაკი სიტყვამ მოიტანა და ხელმძღვანელობა ვახსენე – ამ მხრივ თავისი კუთვნილი წვლილი შეიტანა ჩვენი ფირმის დირექტორმა – ბატონმა გივი გეთიამ, მშენებლობის უფროსმა როლანდ მარგალიტაძემ და მთელმა კოლექტივმა, მაგრამ რა თქმა უნდა სრულიად განსაკუთრებულია დამკვეთის, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას  დამსახურება, ვინც 1995 წელს ჯერ კიდევ დარბეულ თბილისს  ზღაპრის გმირივით გამოეცხადა და ასეთი შესაძლებლობა მომცა. არც მე დამიზოგავს დრო და ენერგია, რაც მთავარია გამოცდილება, – სულიერი გამოცდილება.

… ჩვენ კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მათ შორის სხვა საყოველთაოპრობლემებზე. ამ საუბრიდან სხვა საინტერესო მასალაც დაგვრჩა და სხვა წერილიც გამოვიდოდა, მაგრამ ბატონი შოთას არჩევით მხოლოდ არქიტექტურით და ორი ახალი შენობით შემოვიფარგლეთ. რაც მთავარია, გავიცანით და გაგაცანით საინტერესო პიროვნება, შემოქმედი, სტუ-ს და არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორი,  საერთაშორისო პრემიების ლაურეატი და ერთდროულად ძალზე “უბრალო” კაცი, ვისთანაც ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ასაკობრივი განსხვავება თითქმის არ იგრძნობა. ჩვენი წერილი ისევ ბატონი შოთა ბოსტანაშვილის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ: “…ოთარ ჭილაძის რომანის “აველუმის” სიყვარულის იმპერიის მსგავსად არსებობს არქიტექტურის იმპერიაც და თუ ამ იმპერიას ახალი სამფლობელოები არ შეემატა, არ ხარ ავტორი – ის რომაელი ლეგიონერი, ვინც აფართოებს იმპერიის საზღვრებს. ავტორი-არქიტექტორი უნდა აფართოებდეს ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე”. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ შოთა ბოსტანაშვილი სწორედ ასეთი ავტორია და როგორც თავად ამბობს: ის წლები ასეთ საქართველოში, ასეთ ბუნდოვან დროში შემოქმედებითად ნათელი აღმოჩნდა“.

დრო იყო ასეთი? ასეთი იყო, არის და იქნება შოთა ბოსტანაშვილის – არქიტექტორის საკუთარი დრო.

P.S. მწარე სათქმელი ბოლოშიძირში ჩავტოვეთ, “ვაკის სახლიდაპოეზიის სასახლემაღალსართულიანი კორპუსების გარემოცვაში ექცევა. პირველი პრეცედენტები უკვე გაჩნდა, დანარჩენიც არ დააყოვნებსეს კი ჩვენი საერთო დროა.

თეა ჯავახიშვილი, ლიკა კვერენჩხილაძე

2004 წელი. პოეზიის სასახლის უკან ასაშენებელი კორპუსის ფოტომონტაჟი. მშენებლობა გაჩერებული იყო. 2013 წელს სახეცვლილი პროექტის მშენებლობა გაგრძელდა. (რასაც მოჰყვება მაღალსართულიანი მასივი შეჭლა ლანდშაფტურ ზონაში)

2004 წელი. პოეზიის სასახლის უკან ასაშენებელი კორპუსის ფოტომონტაჟი. არქ.: რცხილაძე, აბაშიძე. მშენებლობა გაჩერებული იყო. 2013 წელს სახეცვლილი პროექტის მშენებლობა გაგრძელდა. (ამას მოჰყვება მაღალსართულიანი მასივის შეჭრა ლანდშაფტურ ზონაში)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s