“მეტა” მეტია

კიდევ ერთი წერილი იმ დროიდან როდესაც ”პოეზიის სასახლე” შენდებოდა.

შოთა ბოსტანაშვილი ესაუბრება სპარტაკ ქობულიას (გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა” №165, 25 ივნისი, 2003 წ.)

 

“მეტა” მეტია

შოთა ბოსტანაშვილის არქიტექტურის პოეტიკა…

ჩვენი დროის ერთ – ერთ გამორჩეულ არქიტექტორს, პედაგოგსა და მეცნიერს, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორს, ორიგინალურად მოაზროვნე კაცს (ამაში მალე დარწმუნდებით), ამას წინათ, ჟურნალისტიკაში დღეს ასე მიღებული გულახდილი საუბარი (გნებავთ, ექსკლუზიური ინტერვიუ) ვთხოვე.

სიამოვნებით დამთანხმდა, ოღონდაც, დროში ნუ შემზღუდავ და ჩემი ნააზრევი არ შემიცვალოო, – დამანამუსა.

რას ბრძანებთ, შოთა ბოსტანაშვილი რომ ყველასგან (თითქმის ყველასგან) განსხვავებულად აზროვნებს, სწორედ ეს მხიბლავს და, “სტილს” როგორ შეგიცვლით მეთქი.

შევთანხმდით.

ვიდრე “დოკუმენტურად” ჩამოვსხდებოდით სასაუბროდ, ბატონ შოთას ზუსტად თხუთმეტი წლის წინათ მომხდარი ფაქტი გავახსენე. 1988 წლის ივნისში გაიმართა კონცეპტუალური არქიტექტურის საერთაშორისოკონკურსი თემაზე -“XXI საუკუნის ცივილიზაციის სივრცე”.  ეს იყო არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის მიერ საზღვაო ლაინერ “ლევ ტოლსტოიზე” გამართული კონკურსი. შოთა ბოსტანაშვილის “არქიტექტურის პოეტიკა” მაშინ დაიბადა გემზე, ხმელთაშუა ზღვაში. მკითხველს იმასაც შევახსენებ, რომ მსოფლიოს 400-მდე ახალგაზრდა (40 წლამდე) არქიტექტორიდან, გემზე მხოლოდ ერთი იყო საქართველოს წარმომადგენელი. კონკურსის შედეგებიც ზღვაში შეჯამდა და… შოთა ბოსტანაშვილი, ამ 400 კაცში, გამარჯვებულად აღიარეს…

შ.ბ. – დიდად მასიამოვნეთ ამ ფაქტის გახსენებით. მართლაც, დაუვიწყარი წუთები, სიხარული და აღმაფრენა იყო. საერთაშორისო კონკურსის მთავარ ნომინაციაში – “არქიტექტურა და კულტურა”, პირველი პრემია დაიმსახურა ჩემმა პროექტმა “პილიგრიმები”.

მაინც, რა იყო ესპილიგრიმი“?

შ.ბ. ეს იყო (და არის) ზოგადსაკაცობრიო სამშვიდობო მისიით აღჭურვილი მოხეტიალე კუნძული, ახალი კონტინენტი, რომელიც იქ მიცურდება, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ.

პილიგრიმები (1988 წ.)შოთა ბოსტანაშვილი

პილიგრიმები (1988 წ.)
შოთა ბოსტანაშვილი

მაშასადამე, თქვენიპილიგრიმისამყაროს გადარჩენისთვისმლოცველიმცურავი სახლია, რომელიც ყველა გაჭირვებულს უწვდის ხელს

შ.ბ. – კი, ბატონო, ასეც არის, თუმცაღა, უფრო დაკონკრეტება აჯობებს: პილიგრიმი ექვსი გრანდიოზული მინის მცურავი სახლია, ფორმით კი საკარცხულები (სავარძელი-ტახტი) – ინტერიერის (ამ შემთხვევაში სამყაროს ინტერიერი), დასვენების და დიალოგის სიმბოლოა. საკარცხულებზე “სხედან”, უფრო ზუსტად, საკარცხულებზე განლაგებულია ძირითადი კონფესიების ტაძრები. ერთ საკარცხულზე კი სხვა – ბუნების საკრალურობისსიმბოლო. სხვადასხვა კულტურათა სტილისტიკაა საკარცხულთა საზურგეების სილუეტებიც. საზურგეთა ფასადები ერთდროულად უზარმაზარი ტელეეკრანებია – “პილიგრიმთა” საქადაგო ენა. ამ მეტაფორებით თუ განვსჯით, კაცობრიობა ისევ მარტოა ლაჟვარდოვან უსაზღვროებაში – ცის ქვეშეთში, გაშლილ ზღვაში. კაცობრიობა ხელახლა უნდა დაიბადოს “წარღვნის წყლებიდან” და ამჯერად სული, სული გადაირჩინოს…

და ეს იყო 15 წლის წინათ? საოცარი ხედვაა XXI საუკუნის სივრცეში

შ.ბ. – დიახ, კარგად დაინახეთ. XXI საუკუნე ხომკულტურათა დიალოგის და მშვიდობისთვის ბრძოლოსგან ქანცგაწყვეტილი კაცობრიობის დასვენების თავისებური სიმბოლური სივრცეა.

მართლაც რომ ასეაბატონო შოთა, თქვენ გამორჩეული ხელწერის პროფესიონალი, ნამდვილი ერუდიტი ბრძანდებით. აშკარაა, რომ არქიტექტურა თქვენი ცხოვრების წესია. იქნებ, უფრო სიღრმისეულად განგვიმარტოთ, მაინც როგორია ბოსტანაშვილის ცხოვრების წესი? ფრიად საინტერესოა, აგრეთვე, თქვენი თეორიული შეხედულებები თუ ესადაგება პრაქტიკულს

შ.ბ. – არქიტექტურაში მეტი გამოცდილება მაქვს, – და ეს “მეტი” განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების წესს. ჩემი არქიტექტურული გამოცდილების “მეტი” კი უფრო მეტაფორის ხარჯზეა, ვიდრე პრაგმატიზმის და ტექნიციზმის, უფრო მეტაფიზიკის, ვიდრე ფიზიკის. ნაშთი, ანუ ზედმეტი “მეტაა”. ერთი სიტყვით კი – “მეტა” მეტია. იქნებ, პირიქით – ცხოვრების წესმა მოიტანა “მეტას” მეტობა და სხვაგან აღარსად გამოდგა პოეზიის გარდა, არქიტექტურის გარდა…

ფიქრის სივრცე და მისი მემკვიდრე არქიტექტურული სივრცე – ხშირად ერთმანეთს ემთხვევა; აღმაფრენა კი იწყება იქიდან, როცა ისინი (და სადაც ისინი) გადაადგილებას თხოულობენ – ხან ერთი აღმოჩნდება წინ, ხან მეორე, – ხან ფიქრი, ხან სივრცე.

როცა მოძრაობაშია თეორია და პრაქტიკა, ცხოვრების (შემოქმედების) აღწერას კი “გადასვლის” (გადაადგილების) მეტაფორით ვაწარმოებთ, ანუ მეტაფორის მეტაფორით აღვწერთ, ისინი ორ ფილაქვას (ქვის ორ ფილას) მაგონებენ, გუბის ახლოს რომ აღმოჩნდებიან ერთმანეთზე აღმართულნი მონუმენტალურად, – მომენტალურად გადმოვაწყობთ  და ტბორის გადასალახად გავშლით. აი, “ფიქრის” ფილიდან “სივრცის” ფილაზე გადავინაცვლეთ; მერე, “ფიქრი” გადმოვანაცვლეთ წინ და ფეხიც გადმოვინაცვლეთ. ამ გაჩაჩხული მდგომარეობიდან ისევ ერთ მათგანს დავეყრდნობით (თან, რაღაც მომენტში, ცალ ფეხზე). უკანა ფილას წინ ჩავიგდებთ და ისევ ორივეს გავეხიდებით… ასე რამდენჯერმე და, ამასობაში, გადავალთ კიდეც.

მერე, ახალი გუბეები, ახალი ტბორები და გადასვლის შეძენილი გამოცდილება.

გამოცდილების ხიბლი კი არისარა გადასვლის დახვეწილი ტექნიკა, არამედ გადასვლის მოძრაობათა ანარეკლები გუბეში – ახალი ანარეკლები, ახალი პარადიგმები – აი, წინ წაიგდე ფილაქვა, კონცენტრული წრეების განფართება და გუბემ შვა ფილის ტყუპისცალი – ანარეკლი; მერე, ფეხთა კამარა… ახლა უკანა ფილას დასწვდი და, ანარეკლში გავხარ თონეშიჩაყირავებულ მეპურეს, გაბრტყელებული ცომით ხელში; მერე, ისევ კამარა და ანარეკლით შემოწერილი “ნავი” და “თვალი”; მერე, ისევ თავიდან, ამასობაში ფუმფულა ღრუბელიც წამოგეწია გუბეში ჩავარდნილ ცაზე; მერე, ნისლის ნამქერი – ცხვრის ფარასავით მდინარე მასა – ზამთრის საძოვრებისკენ, ამასობაში, მეც გადავედი…

გუბის პირას, როგორც ნაკვალევი, დარჩა ორი ფილაქვა, ისინი ერთმანეთს მივუწყე – წიგნს დაემსგავსა გადაშლილს, წიგნს “გადასვლის შესახებ”, და ცხოვრება – ბიბლიის გუბეს. თეორია და პრაქტიკა მხოლოდ საშუალებაა მოძრაობის. არც მოძრაობაა მიზანი და არც მოძრავი ადამიანი, შინაგანი მოძრაობის გარეშე, – ანარეკლების გარეშე.

არც “შესაქმის” ექვსდღიური ჩანაფიქრის სივრცეა შესაბამისობაში “განდევნილობის” ფიზიკურ სივრცესთან და არც “მეექვსე დღის” ადამი “მერვე დღის” ადამიანთან.

ადამიანი კი არის ის, რაც ვერ განხორციელდა” (ფ. ნიცშე), მაგრამ ადამიანით ხორციელდება რაღაც მისთვის გამოუცნობი იდეა – ეს “უცნობია” მისი სულიერი მოძრაობის “პერპენტუმ მობილეც”.

საზოგადოდ, უმნიშვნელოა ჩვენი თეორიებისა და პრაქტიკის იდენტურობა. არსებითია მხოლოდ ჩვენით განხორციელებული (და არა – ჩვენთვის განხორციელებული) კულტურა – თამაშის შედეგი, სადაც ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით – მეტაკულტურაში, ანუ ისევ “მეტა”…

მაპატიეთ, ჩაგერთვებით. თქვენი თვალთახედვით, საით მიდის თანამედროვე ქართული არქიტექტურა ზოგადად და თბილისის მაგალითზე, კონკრეტულად. როგორია ჩვენი ადგილი ხუროთმოძღვრების დიდ ისტორიაში?

შ.ბ. – აზრს გავაგრძელებ და ბუნებრივად ვუპასუხებთქვენს ახალ შეკითხვასაც. თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენა ჩვენ არ გვემუქრება; ჯერ მხოლოდ თამაშში ვცდილობთ ჩართვას – ეს უკეთეს შემთხვევაში და თანაც სხვის თამაშში, რომელსაცმერე გავითავისებთ – ვკარგავთ საკუთარს და ვიძენთ სხვას. ასე დავკარგეთ “ბანი” (აღა-მახმად ხანის შემოსევის შემდეგ) და შევიძინეთ “აივანი” (აივან); ასე დავკარგეთ უკვე”ქართული აივანი”, გნებავთ თბილი სური აივანი და შევიძინეთ ყრუ-მუნჯი კორპუსები (წითლების შემოსვლის შემდეგ)…

თანამედროვე ქართული არქიტექტურა, – ასეთი სახელდებაჯერ არ დაგიმსახურებია. რასაც დღეს ვიძენთ – “ჩემთვის სასარგებლოს” პრინციპით ვმოქმედებთ. ჯერ შორსა ვართ “ჩემით სასარგებლოს” ნებასთან და ვნებასთან – ხუროთმოძღვრების ხელოვნებასთან. არც ახლო მომავალში მგონია საკუთართავს ვავნოთ და თუ რამე ცოდვად გვედება, ისევ “სხვა” გამოისყიდის. ჩვენი რა ბრალია, – ასეთია ისტორიის განაჩენი. ხუროთმოძღვრების ისტორიაში ჩვენი ადგილი, ჯერჯერობით, ისევ იქ არის – ბიზანტიისა და საბჭოთა არქიტექტურის ისტორიის კიდობანში.

რას აშენებთ და რაზე ფიქრობთ სახვალიოდ?

შ.ბ. – რასაც ვაშენებ, უფრო სწორად, რაც უკვე ავაშენე, სახლი-რეზიდენცია გახლავთ ვაკეში. ერთი შეხედვით ეს არის “კლასიკურ კვარცხლბეკზე” (მუქი გრანიტის) გამოფენილი ქვის იმპროვიზაციები, ალეგორიები, მეტაფორები, პარადიგმები. აქ განხორციელდა პირველად “ბანის” აღორძინების იდეა. აქვე გამოვიდა “დედაბოძი” ფასადზე “სიცოცხლის ხედ”. აქვე დაიბადა სარკმელი-ჩარჩო და სხვა. ამჟამად აქ შიდა სარემონტო სამუშაოები იწყება…

ვაკის სახლი. ხეებს შორის

ვაკის სახლი.
ხეებს შორის

კიდევ ერთ შენობას ვაშენებ. ორივეს ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავს. მეორე, რასაც ვაშენებ, ეს გახლავთ პოეზიის სასახლე და რაც მთავარია, თავისი სახისმეტყველებით ის შეეფერება თავის სახელს. “არტისტული ყვავილები” – ასე ვუწოდეთ სოლოლაკის უბანში, ამაღლების ქუჩის დამაგვირგვინებელ სკულპტურულ კომპოზიციას – მთაწმინდის ფონზე, მისივე კალთებიდან ამოხეთქილ, სამ თეთრად გაშლილ ყვავილს თუ “ნატვრის ხეებს” რომ მოგვაგონებს.

შენობის ფორმათა პოლიფონია და პლასტიკა ქართული ფოლკლორიდან და დამწერლობის გრაფიკული ხასიათიდან მოედინება.

“სამი ხის” სიმბოლიკის მრავალფეროვან (გული, გრძნობა და გონება; სამი მუზა, სამი შადრევანი და სხვა) ასოციაციათა და პარადიგმათა რიგში დგას “დრო – ქართული სახელმწიფოებრიობის სამი ათასი წელი და ქართული კულტურის სამი ეპოქალური მეტაფორა “ოქროს საწმისი”, “ვეფხისტყაოსანი” და მარად მედინი “თანამედროვეობა” – ანუ სივრცედ გაშლილი კულტურის ისტორია.

მთავარი საზრუნავი იყო, რომ შენობა კარგად ჩაწერილიყო უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტში. “პოეზიის სასახლე” თბილისში შემოსასვლელ ერთ-ერთ კარიბჭეს წარმოადგენს, – ქალაქის სავიზიტო ბარათს, როგორც ადგილმდებარეობით, ისე სიმბოლიკით. საზრუნავი ის იყო, რომ მის სილუეტს სქრაფად გამოეწვია ნაცნობი ასოციაციები და ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო, თუ გნებავთ, თუ გნებავთ მემორიალური, – ემბლემურიც. შენობა ხომ ქალაქის განაპირას, მის ბუნებრივ დაბოლოებაში მდებარეობს, სატრანსპორტო არტერიის პირას და მისი აღქმაც უმეტესად ავტომანქანებით მიმავალ მგზავრებს უხდებათ და არა მოსეირნე მოქალაქეებს. აქ სიამოვნებით უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ხშირად აჩერებენ მანქანებს, გადმოდიან და ყურადღებით ათვალიერებენ შენობის დეტალებს, კითხულობენ: რა? როგორ? როდის? და ზოგჯერ დადებით ემოციებსაც არ ფარავენ. განსაკუთრებით უკვირთ, როცა გაიგებენ, რომ ეს ყველაფერი ხელით არის გამოძერწილი და თან ერთი ადამიანის მიერ. ეს მე მეხება და, ბუნებრივია, მეამაყება კიდეც. არ უკვირთ მხოლოდ ამ უბნის მცხოვრებთ, ვისთვისაც ყოველდღიურობას წარმოადგენს ხარაჩოზე ჩემი მუშაობის პროცესი დილიდან გვიან საღამომდე და შემდეგ მეყალიბეებისა და ჩამომსხმელების დღე-ღამური შრომა. საქმე ის გახლავთ, რომ მე თაბაშირში გამოვძერწე ყველა კომპოზიცია და დეტალი, – მეტალის კარკასზე, რა თქმა უნდა, თავის ადგილზე და ნატურალურ ზომაში, – როგორც დედანი; შემდეგ გამოცდილმა ხელოსნებმა (ხელმძღვანელი მ. კაკულია) აიღეს ამ ფორმებიდან ყალიბები და ადგილზევე ჩამოასხეს განმეორებადი ელემენტები მყარ მასალაში – მარმარილოს წვრილმარცვლოვანი ნატეხებით და თეთრი დეკორატიული ცემენტით დამზადებულ ბეტონში. გვერდითი ფასადი, რომლის სიგრძე 36 მეტრია, განსხვავებული მეთოდით შესრულდა – ჩემი მოდელის გადიდებით. ხელოსნებმა აქაც დიდი თავდადება გამოიჩინეს. მუშაობის პროცესში რამდენიმე ცნობილმა მოქანდაკემ და არქიტექტორმა ნახა ჩემი ნაწარმოები. ძალიან მოეწონათ, ვინც უფრო ახლოს მიცნობს, არც გაკვირვებიათ, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი სტოილოვმა თავისი აღტაცება გამოხატა ცნობილი არქიტექტორების წრეში. ამავე აკადემიის წევრმა ვახტანგ დავითაიამ თავისი მოსაზრებაც დაბეჭდა: “კულტუროლოგიური მოვლენის” რანგში განვიხლავ ხელოვნების ცენტრს “არტისტულ ყვავილებს”. ესაა არქიტექტორის და დამკვეთის ერთი მიზნით გაერთიანების საუცხოო მაგალითი. ერთ-ორსართულიან ქაოტურ განაშენიანებაში ამოჭრილი სამი “თეთრი გვირილა” სრულიად უჩვეულო ესთეტიკურ ხარისხს ანიჭებს მთელ არეალს“.

პოეზიის სასახლე სოლოლაკში (1999 - 2013)

პოეზიის სასახლე სოლოლაკში (1999 – 2013)

თბილისელებს კარგად ახსოვთ ამ ტერიტორიაზე ყოფილი რესტორანი “სამადლო”. მისი რამდენიმე კედელიახალი შენობის სივრცეში ჩარჩა (ეს “ისტორიული ნაკვალევი”, ვფიქრობ, ინტერიერში ავსახო).

ახალმა შენობამ ნაწილ-ნაწილ დაიწყო განხორციელება, იცვლებოდა დამკვეთის სურვილები, იცვლებოდნენ მშენებლები და…

ბევრი სხვა მიზეზის გამოც სამშენებლო თვალსაზრისით რთული ნაგებობა გამოვიდა.

რადგან ოსტატები ვახსენე, მინდა აღვნიშნო, რომ როლანდ მარგალიტაძემ – არქიტექტორმა, მემკვიდრეობად დატოვებულ სამშენებლო სირთულეებს თავი გაართვა და მანვე დაარქვა პოეზიის სასახლეს – “არტისტული ყვავილები”.

ბუნებრივია, სამშენებლო კოლექტივის და ადმინისტრაციის ყოველ წევრს თავისი წვლილი მიუძღვის, მაგრამ სრულიად განსაკუთრებულია დამკვეთის, ცნობილი ბიზნესმენის და ქველმოქმედის, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას დამსახურება. ამ ეტაპზე დამსახურებაში ვგულისხმობ არა მხოლოდ დაფინანსებას და კერძო ინტერესებს, არამედ დამკვეთის გონიერებას და გარკვეულ კულტურულ თანამოაზრეობას.

თავდაპირველად “სამადლოს” რეკონსტრუქცია სხვას დაუკვეთეს, პროექტიც დაამტკიცეს – ეს იყო ბიზნესცენტრი, ჩემს პროექტსაც ეს სახელი შემორჩა. ბევრი რამ კი მუშაობის პროცესმა მოიტანა. დღეს უკვე მივაღწიე იმას, რომ ჩემს ნაწარმოებს მოვიხსენიებთ პოეზიის სასახლედ, თუმცა, ამ “მეტამორფოზამდე” შენობას კიდევ ბევრი რამ აკლია. ვგულისხმობ, მისი პერსპექტიული განვითარების პროექტს და პოეზიის სასახლისთვის საჭირო ფუნქციონალურ კონდიციამდე სრულყოფას. ვფიქრობ, რომ დამკვეთის თანამოაზრეობა ბოლომდე უცვლელი დარჩება. რა თქმა უნდა, თავისი წილი პრობლემები, როგორც ყველაფერს, ჩვენ საქმესაც ახლავს. პირადად მე სრულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

კიდევ რა შეიძლება ითქვას? ის, რომ პოეზიის სასახლის ეზო მთლიანად “წყლის სარკედ არის ჩაფიქრებული – “გედების ტბად”. “არტისტული ყვავილების” სამეფოში ბეწვის ხიდს გადავყავართ, ანარეკლში ჩაყირავებული “ყვავილები” კი… პოეზიის სასახლის წყლისსარკიან ეზოს მინის გამჭვირვალე და სიფრიფანა “ღობე” შემოევლება და “არტისტული ყვავილებიც” იქ საუნჯესავით ჩაჯდება.

მანამდე კი, სასახლის ბანებიდან, “უეზოობის” კომპენსაციას რომ ახდენენ. ძველი ქალაქის ფრაგმენტები ზაფხულის ზღაპარივით მოსჩანს და თბილისური ეზოების ყვავილობას ზემოთ ატანილი ეზოდან ვუმზერთ – “ყვავილების” თავზე ატანილი ეზოდან.

– “არქიტექტურის გარეთრითი ცხოვრობს შოთა ბოსტანაშვილი, რა არის თქვენი ჰობი?

შ.ბ. – ისტორია ხომ სიტყვაში ცხოვრობს, სიტყვა – წიგნში. წიგნებს კი, მეტს ვწერთ და ვყიდულობთ, ვიდრე ვკითხულობთ (დროის ნაკლებობის გამო). ვფიქრობ, ეს ფაქტი თანამედროვე ინტელექტუალური საზოგადოების პრობლემაა. და აი, წიგნი გახდა ჰობი და “ისტორია – ჰობი”.

დღეს, ისტორიული კატაკლიზმების ეპოქაში, ისტორიის დასასრულზეც ლაპარაკობენ, ანუ ისტორია გახდა ჰ-ობი”. ისევ მეტაფორა და ისევ “მეტა” მეტია.

და ვიდრე “მეტა” მეტია, იქნებ, შენობა და ნაგებობა, რასაც ვაშენებ და რასაც ვაგებ – არქიტექტურად იშვას… და ნაფიქრალი, რასაც მე ვფიქრობ – იქნებ გადარჩეს სიტყვად!..

***

ვისაც არ გინახავთ პოეზიის მშენებარე სასახლე, ანუ “არტისტული ყვავილები”, გირჩევთ, ნახოთ, უსათუოდ ნახოთ. გამორჩეული ხელწერის არქიტექტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენოსან შოთა ბოსტანაშვილის ნახელავი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სხვათა შორის, შოთა ბოსტანაშვილის მზე ჯერ მხოლოდ “შუბის ტარზეა”, ამ დღეებში მას 55 წელიწადი შეუსრულდა.

გულწრფელად ვულოცავთ!

სპარტაკ ქობულია

———————————————————————-

P.S. ეს იყო ათი წლის წინ. ათი წლის შემდეგ პოეზიის სასახლის განადგურება სრული მედია-დუმილის თანხლებით განხორციელდა.

დღეს, 25 მარტს, ერთი თვე შესრულდა კულტურის მიმართ განხორციელებული ვანდალულიზმიდან.

დღეს, 25 მარტს, ერთი თვე შესრულდა კულტურის მიმართ განხორციელებული ვანდალულიზმიდან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s